#29760
Crassus
Participant

ზიანის ცნება

ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი.

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. არ ანაზღაურდება უმნიშვნელო ზიანი, რომლის რისკის მატარებელიც შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი. მაგ: „ქირავნობისას უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება“.

არსებობს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანი:

სახელშეკრულებო ზიანი, სახელშეკრულებო ურთიერთობის დაღვევის შედეგია. გამყიდველი, რომელმაც მყიდველს მიაწოდა უხარისხო პროდუქცია, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ამით მიყენებული ზიანი. ასეთი ვალდებულება ეკისრება გამჩუქებელს, რომელმაც ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ქონების ნაკლი, რამაც დასაჩუქრებულის ზიანი გამოიწვია.

არა სახელშეკრულებო ზიანის მაგალითია დელიქტური ზიანი. არასახელშეკრულებო ზიანი წინასწარ შეუფასებელი ზიანია და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობის სიკეთე იქნება ხელყოფილი.

ზიანი იყოფა ქონებრივად და არა ქონებრივად:

ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთეს ხელყოფით შემოიფარგლება, მაშინ როცა არაქონებრივი ზიანი არაქონებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგსაც წარმოადგენს, კერძოდ ისეთისა, რომელიც არაა სამოქალაქო ბრუნვის საგანი. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ქონებას სამართლებრივი გაგებით, მაგრამ მისი ხელყოფით დამდგარი ზიანი ანაზღაურებადია.

არაქონებრივი მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივისგან დამოუკიდებლად. თუ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ისევ ქონებრივი საშუალებებით ხდება, არაქონებრივი ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს სხვა გზებითაც.