მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › მტკიცების ტვირთი, ნასყიდობა, ნაკლი, მხარეთა მტკიცების ტვირთი
მტკიცების ტვირთი (ნასყიდობა)
(გადაწყვეტილება #ას-1134-1065-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის, ასევე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, გამყიდველს დააკისრა მტკიცების ტვირთი მის მიერ გაყიდული ნივთის ნივთობრივი ნაკლის არსებობა-არარსებობის თაობაზე (ავტომანქანის გადამცემთა კოლოფის ხმაურთან დაკავშირებით).
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნიდან არ გამომდინარეობს, რომ ხმაური, თავისთავად, ნაკლია. პირიქით, ექსპერტი ნაკლის არსებობას ვერ ადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს იმ გარემოების გაბათილების ვალდებულება დააკისრა, რომლის არსებობის დადგენაც კი შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფარული ნაკლი“ გულისხმობს იმგვარ გაუმართაობას, რომელიც თვალსაჩინო არ არის ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ მისი აღმოჩენა სათანადო ტექნიკური შემოწმებისას შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, შეუძლებელია, დადგინდეს, ხმა დამახასიათებელია ამ მოდელის ავტომანქანისათვის თუ გადამცემთა კოლოფის დაზიანებითაა გამოწვეული. არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, რომ გადამცემთა კოლოფის ხმა ფარული ნაკლის არსებობაზე მიუთითებს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ხმა, თავისთავად, ნაკლია, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება და უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.