მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › თანაზიარი უფლებები/ თანასაკუთრება › Reply To: თანაზიარი უფლებები/ თანასაკუთრება
თანასაკუთრების ნატურით გაყოფა
(განჩინება N-ას-1656-1553-2012)
სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, უკრიტიკოდ გაიზიარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და უძრავი ქონების ნატურით დაყოფა, სკ-ის 963-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებლად მიიჩნია. ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაემყარა სასამართლო, არ შეიცავდა მითითებას ქონების გაყოფისას ნივთის ღირებულების შემცირების საკითხზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია რა გარკვეული საკითხების მიმართ მცოდნე პირის _ ექსპერტის დასკვნის შეფასების შესაძლებლობა, კანონმდებელი ამ პირის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას, სავალდებულოდ არ მიიჩნევს და სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოს მიერ მისი შეფასების აუცილებლობას ადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და იგი შეფასდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სკ-ის 963-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
1) საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად;
2) ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.
აღსანიშნავია, რომ ღირებულებაში იგულისხმება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება და არა ნივთის საბაზრო ღირებულება. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
