#29712
BLH
Keymaster

გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება

 

(განჩინება N-ას-1162-1091-2012 )

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორად დასადგენად საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სხვა მტკიცებულებები არ შეაფასა სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე არასწორად გამოიყენა სსკ-ის 251-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხელშეკრულების შინაარსის დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მის ფორმალურ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება, ასევე მნიშვნელოვანია მხარეთა ნებისა და ფაქტობრივად არსებული უფლება-ვალდებულებების გამორკვევა-შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 251-ე მუხლი და გადაავადა გადაწყვეტილების აღსრულება გონივრული ვადით მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები მხარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს აღსრულების გადავადებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.