#29710

მოსამართლის შინაგანი რწმენა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა

(სუსგ. N-ას-1639-1536-2012)

დავა ეხება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე დღემდე ცოცხალია, მიიჩნია, რომ მოსარჩელე მას საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფდა, სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც თანხის დაკისრებას ითხოვდა, ვალდებული იყო, წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან მოპასუხის რჩენისათვის ეს თანხა გაიღო, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად განაწილების პირობებში, როდესაც მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას შესაბამის მტკიცებულებებზე ვერ ამყარებს, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.