მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამეწარმეო სამართალი › Reply To: სამეწარმეო სამართალი
დივიდენდის მოთხოვნის უფლება
(სუსგ. N-ას-1343-1361-2011)
მოსარჩელემ შპს-ში მისი კუთვნილი წილის გასხვისების შემდგომ მოითხოვა გასული წლების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კუთვნილი დივიდენდი, რომლის მიღებაც საქმის მასალების თანახმად, პარტნიორობის პერიოდში არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებას შეუძლებელს ხდიდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არსებობა დივიდენდების განაწილების თაობაზე არ წარმოშობს კონკრეტული პარტნიორის მიერ მისი ავტომატურად მიღების ვალდებულებას. მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება მოიცავს, როგორც დივიდენდის მიღების, ასევე დივიდენდის მოთხოვნის უფლებას.
პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა, წილისაგან დამოუკიდებლად, დაუშვებელია. ამდენად, წილის გასხვისების შემდეგ, შემძენს გადაეცემა ამ წილიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა. რაც შეეხება კონკრეტულად დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, მისი დათმობა შესაძლებელია ცალკე უფლების სახით წილის გადაუცემლად, ხოლო, წილის გასხვისების შემთხვევაში, თავდაპირველი მესაკუთრის მიერ არარეალიზებული დივიდენდის მოთხოვნის უფლება ასევე გადადის წილის შემძენზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.