#29653
Crassus
Participant

ზიანის ანაზღაურება (სკ. 411-ე მუხლი)

(სუსგ. ას-457-433-2012)

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკურნალობის ჩატარებით მიყენებულ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების თანახმად, მკურნალობის თანხა მოსარჩელეს არ გადაუხდია და არც კლინიკას მოუთხოვია აღნიშნული თანხის გადახდა, მხარეს მაინც დააკისრა სადავო თანხა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: კონკრეტული სადავო ურთიერთობის ფარგლებში განმარტებას მოითხოვს ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი. ხსენებული წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების (და ა.შ) შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ გაუწევია სადავო თანხის დანახარჯი და არც მის მიმართ არ დგინდება კლინიკის მხრიდან სადავო თანხის გადახდის მოთხოვნის არსებობა, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ ადგილი არა აქვს მოსარჩელის აქტივების შემცირებას, ასევე მისი ვალდებულებების (პასივები) გაზრდას. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამგარ დანაკლისს (რეალურ ზიანს). ქონებრივი ზიანის თავისებურებების გათვალისწინებით, ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია, ხოლო სადავო თანხა არ წარმოადგენს მოსარჩელის ქონებრივ დანაკარგს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა.