#29624
BLH
Keymaster

საზიარო საგნის განკარგვის წესი

 

“თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.”

 

მაგ: ბინის თანამესაკუთრეები არიან „ა“ და „ბ“. თითოეულის წილი თანასაკუთრებაში განსაზღვრულია, როგორც ½ ნაწილი. ორივე თანამესაკუთრე უფლებამოსილია გაყიდოს თავისი წილი ბინაში, თუმცა ისინი ვერ გაყიდიან მთლიან ბინას, თუ არ არსებობს ურთიერთშეთანხმება.

 

რაც შეეხება უპირატესი შესყიდვის უფლებას, ამასთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N- ას-700-920-08:

 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა თანაზიარი მესაკუთრის მოთხოვნა მეორე თანამოზიარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევით დადებული ნასყიდობის ბათილად ცნობის შესახებ. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა, უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის გამო, გარიგების ბათილად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და 959-ე მუხლი ადგენს რა მხარეთა შეთანხმებას საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლების განსაზღვრის შესაძლებლობის თაობაზე, მითითებული ნორმების მოთხოვნა არ არის იმპერატიული და არ ავალდებულებს მხარეებს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლებაზე შეთანხმებას.