#29617
BLH
Keymaster

სპეციალური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები

თუ მხარეთა შორის არსებობს ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალურ ურთიერთობათაგან ერთ-ერთი, გამოირიცხება საზიარო უფლებათა მარეგულირებელი ნორმების გამოყენება.

განსხვავება ზოგად და სპეციალურ რეგულირებას შორის განსაკუთრებით თვალშისაცემია თანასაკუთრების საგნის გაყოფისას, კერძოდ:

ა) მეუღლეთა თანასაკუთრება: წილთა თანაბრობის პრინციპიდან სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ერთ-ერთი მეუღლე სარგებლობს პროფესიული საქმიანობისათვის გამიზნული ნივთების უპირატესი მიკუთვნების უფლებით და სხვა.

სასამართლო ურთიერთობას აქცევს საზიარო უფლებების ზოგადი რეგულირების ქვეშ, თუ:

ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობებში მყოფ პირებს შორის არ არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, ან ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, მეუღლეებმა ქონება შეიძინეს დაქორწინებამდე (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინება N-ას-369-688-09), ასევე თუ გავიდა მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

ბ) მემკვიდრეთა თანასაკუთრება: არ მოქმედებს წილთა თანაბრობის პრეზუმფცია. მემკვიდრეთა წილი სამკვიდრო ქონებაში განისაზღვრება ანდერძით ან კანონით.

გ) საერთო საკუთრება მრავლაბინიან სახლებში: დაუშვებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების გაუქმება ამხანაგობის ლიკვიდაციამდე, ხოლო მიწის ნაკვეთის გაყოფა ლიკვიდაციის შემდგომაც. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი მიწის ნაკვეთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს შორის არ ნაწილდება. იგი ჩაითვლება მათ თანაზიარ საკუთრებად. მიწის ნაკვეთის გასხვისების ან უფლებრივად დატვირთვის შემთხვევაში მიღებული თანხა (ქონება) განაწილდება მესაკუთრეებს შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციამდე მათი წილის შესაბამისად.