#29546
Crassus
Participant

დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა სარჩელების გაერთიანებისას

 

(სუსგ. ას-1378-1215-2010)

 

განსახილველ შემთხვევაში რამდენიმე ერთგვაროვანი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა მოპასუხე მხარეთათვის თითოეულის შესაბამისი დავის საგნის ღირებულებათა შეკრების საფუძველზე, შემდგომ კი, საერთო ღირებულებიდან გამოითვალა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილით სარჩელების გაერთიანება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიურობის პრინციპით, რომელიც, უპირველესად, მოდავე მხარეთა ინტერესია. ამავდროულად, ის გავლენას ვერ მოახდენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაერთიანებულია რამდენიმე სხვადასხვა სარჩელი, რომლებზედაც დამოუკიდებელი სამოქალაქო წარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს სარჩელები ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს და დავის საგნის ღირებულებაც არა მოთხოვნების შეჯამებული ფასით, არამედ თითოეული სარჩელის დამოუკიდებელი ღირებულებით განისაზღვროს. ზემოაღნიშნული საფუძვლით, საკასაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.