#29477
Crassus
Participant

ვალდებულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნება (სკ-ის 976-ე მუხლი)

(სუსგ. N-ას-1237-1087-2010 )

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივარი, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მომსახურების ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა. პალატის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების გარდა, მხარეთა შორის სხვა ხელშეკრულებებიც იყო გაფორმებული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებში არ მითითებულა, თუ კონკრეტულად რომელი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ვალდებულება. გარდა ამისა, სადავო მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოპასუხის მხრიდან, როგორც წერილობით, ისე ზეპირად აღიარებულია ფაქტი, რომ მან მოსარჩელისაგან მიიღო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სატელეფონო მომსახურება.

მართალია, შემდგომ, სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ უარყო მითითებული ფაქტი, მაგრამ მას არ მიუთითებია აღიარების გამაქარწყლებელ იმ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 133-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს მოპასუხის მიერ აღიარების უარყოფას. ხელშეკრულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სკ-ის 976-ე მუხლი.

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, მაშინ მიმღებმა უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია გადაცემული საგნის (გაწეული სატელეფონო მომსახურების) უკან დაბრუნება, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს მიღებული საქონლის ღირებულება.