#29143
BLH
Keymaster

წარმომადგენლობის მარეგულირებელი ნორმები

(N-ას-310-294-2011)

სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.

მართალია გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით დადების საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სკ-ის 103-114 მუხლები), თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კონკურენცია, რაც გადაწყვეტილია სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობენ და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ საზოგადოების დირექტორები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი). მითითებული კანონი ცალსახად განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება ამ პირთათვის დასახელებულ უფლებამოსილებათა მინიჭება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-6 პუნქტი) და რა მოთხოვნათა დაცვაა აუცილებელი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ნამდვილობისათვის. კანონის თანახმად, საზოგადოების დირექტორების შერჩევა ხდება პარტნიორთა კრებაზე და მათ შესახებ მონაცემები აისახება სამეწარმეო რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, მათ მიერ საზოგადოების სახელით განხორციელებული მოქმედებები სავალდებულოა საზოგადოებისათვის.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს საზოგადოების წარმომადგენლობითი (და არა ხელმძღვანელობის) უფლებამოსილების მინიჭების სხვა შემთხვევებსაც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გენერალური სავაჭრო მინდობილობის მქონე პირები  პროკუტისტები, რომლებიც, მსგავსად დირექტორებისა, საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში. პროკურისტებს საზოგადოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ (გარდა მიწის გასხვისების უფლებამოსილებისა, რომლის მისანიჭებლადაც აუცილებელია სპეციალური ნებართვა). აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლები და მისი ნამდვილობისათვის აუცილებელი მოთხოვნებიც მკაცრადაა რეგლამენტირებული კანონში. პროკურის გაცემა მითითებული კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენციაა, მაგრამ ეს უფლებამოსილება შეიძლება მიანიჭონ დირექტორებმაც (მე-10 მუხლი). ამასთან, კანონი შეიცავს ამ პირთა (პროკურისტების) სამეწარმეო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნას, ხოლო ამ უფლებამოსილების ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს ბეჭვდით ორგანოში. პროკურა, განსხვა-ვებით ბრძანებისაგან, არ წარმოადგენს ცალმხრივ აქტს და იგი იურიდიული ძალის მქონე აქტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას იღებს პირი, რომელიც უნდა გახდეს პროკურისტი.

მითითებულ ნორმებში რეგლამენტირებული დებულებებით უზრუნველყოფილია საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა ვინაობის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოების კონტრაჰენტთა დაცულობის გარანტიას წარმოადგენს.