მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი
(სუსგ. № ას-1477-1489-2011)
ფაქტობრივი გარემოებები: ბ. კ–ესა და მ. კ–ეს შორის ქორწინება შეწყდა 2003 წლის 15 აპრილს, ხოლო 2003 წლის 21 ივნისს ც. შ–ა და ბ. კ–ე დაქორწინდნენ. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით, ბ.კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მკვლელობის მუქარისა და ჯანმრთელობის საშუალო სიმძიმის ზიანის განზრახ მიყენების ფაქტზე და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
უსაფუძვლოა კასატორ ბ.კ–ის არგუმენტი მორალური ზიანის დაკისრების არაკანონიერებაზე იმ დასაბუთებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ყოველთვის არ იწვევს მორალური ზიანის წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა — ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია.
არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის არგუმენტს თვით ზიანის ფაქტის არსებობის აუცილებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ ზიანის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1.თვით მორალური ზიანი; 2.ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3.არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი.
ამდენად, პასუხისმგებლობის ერთ–ერთ პირობას წარმოადგენს რა მორალური ზიანის არსებობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის და მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც. შესაბამისად, დაზარალებულის მტკიცების ტვირთი არ უნდა დამძიმდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის — ც. შ–ას მტკიცებას, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით მან, როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივ–ფსიქიკური ტანჯვა განიცადა, ვინაიდან მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, მით უფრო, როდესაც ხელყოფა განზრახ და ძალის გამოყენებით ხდება.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსაზრება დასაბუთებულ არგუმენტაციას საჭიროებს, რასაც ბ.კ–ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი მორალური ზიანის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით არ იზიარებს ც. შ–ას მოსაზრებას და განმარტავს: მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია: დამრღვევის ბრალის ხარისხი; ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხი; სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი; ჯანმრთელობის მოშლის პერიოდი (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი); ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს); მოთხოვნილი კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა.
ამ კრიტერიუმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით ბ.კ–ისათვის, ც.შ–ას სხეულის დაზიანების გამო, მორალური ზიანის — 5000 ლარის ოდენობით განსაზღვრა სამართლიანი და გონივრულია.
