მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურება
წინამდებარე პოსტი ეხება საკითხს, როცა მხარეები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ხელშეკრულებით, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება შეგვიძლია მივიჩნიოთ დელიქტურ პასუხისმგებლობად. მაგ: პაციენტისა და ექიმის შორის ურთიერთობას სამედიცინო მომსახურეობაზე, მართალია ხელშეკრულება უდევს საფუძვლად, მაგრამ აქედან გამომდინარე ზიანი დელიქტური პასუხისმგებლობის ნორმებით ანაზღაურდება (სკ-ს 1007 მუხლი).
საინტერესოა ამ კუთხით როგორი სასამართლო პრაქტიკა გვაქვს, თვალსაჩინოებისათვის მინდა მოვიყვანო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (სუსგ. N-ას-33-406-05 ), სადაც საუბარია სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულებაზე და არასწორი მკურნალობით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. სასამართლო შემდეგნაირ განმარტებას აკეთებს:
„მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ს 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების დარღვევისათვის ან არაჯეროვანად შესრულებისას დგება სამოქალაქო პასუხისმგებლობა. „
ამ შემთხვევაში ვფიქრობ არ უნდა იყოს სწორი უზენაესი სასამართლოს განმარტება, რადგან 1007-ე მუხლი განსაზღვრავს უფრო სპეციალურ შემთხვევას, რომელიც ეხება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის საკითხს და თუ ჩვენ დავუჯერებთ უზენაესის სასამართლოს განმარტებას და ყველა ასეთ შემთხვევას ჩავთვლით არა დელიქტური პასუხისმგებლობის სფეროთ, არამედ დავტოვებთ სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში, მაშინ 1007-ე მუხლი მკვდარ ნორმად გადაიქცევა, რადგან 1007-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევა აუცილებლად ითვალისწინებს ხელშეკრულების არსებობას.
მაგ: როცა ადამიანი იკეთებს ქირურგიულ ოპერაციას, იგი დებს ხელშეკრულებას საავადმყოფოსთან და თუ ოპერაციის შედეგად, ექიმის ბრალეულობის პირობებში ამ ადამიანს მიადგება ზიანი, მოთხოვნის საფუძველი 1007-ე მუხლი უნდა იყოს და არა სახელშეკრულებო ნორმები. ამას თავი რომ დავანებოთ, 1007-ე მუხლი იცავს სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განსხვავებულ სიკეთეს, კერძოდ, მისი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ხოლო ხელშეკრულების ობიექტია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. აქედან გამომდინარე ყველაფერი ამის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ 1007-ე მუხლი უფრო რელევანტურია ასეთ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით, რადგან ასეთი სიტუაცია სცილდება ხელშეკრულების ფარგლებს.
