#29122

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი აფუძნებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ქართულ კანონმდებლობაში. 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მორალური ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა კანონმდებლი იქვე უთითებს, რომ  მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, როცა კანონით პირდაპირ გვაქვს მითითება ამის შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა არაქონებრივი (მორალური) ზიანის დეფინიციას. ეს საკითხი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით უნდა გადაწყდეს.

იმისათვის, რომ პრაქტიკულად განვსაზღვროთ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული ფარგლები, რომელსაც ადგენს 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, საჭიროა განვიხილოთ არსებული პრაქტიკა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება საქმეზე (სუსგ, N-ას-14-466-05) „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრულ  და სამართლიანი ანაზღაურების სახით.“

ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია, სკ-ის 413-ე მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები- მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნულის შესახებ მითითებულია საქართველოს კანონმდებლობაში.