მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
გრძელვადიანი ქირავნობა/იჯარის მოშლის შედეგები
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (N-2ბ/2867-13)
გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა ორმხრივ რესტიტუციას, კერძოდ, უკვე შესრულებულის უკან გამოთხოვას არ ითვალისწინებს, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მისი მოქმედების ფარგლებში ორმხრივი სარგებელი მიიღეს. გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის დროს გაწეული შესრულება, მოცემულ შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას შეიძლება დაექვემდებაროს, თუ გადახდა წინასწარ განხორციელდა და იმ პერიოდსაც მოიცავს, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აღარ შედის. თუმცა, ამგვარი სამართლებრივი წესრიგის დასამყარებლად, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის წინასწარ გადახდილი თანხის უკან დასაბრუნებლად, აუცილებელია, რომ ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულების მართლზომიერ, კანონის შესაბამის შეწყვეტას.
გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად იქნება მიჩნეული, თუ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა განპირობებულია პატივსადები საფუძვლით.
საფუძველი პატივსადებია, თუ სახეზეა დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ორმხრივი და არა ცალმხრივი ინტერესი, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ცალმხრივი ინტერესით არის განპირობებული, ასეთ შემთხვევაში მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება უნდა მოეთხოვოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე მაინც წყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული შეწყვეტით მეორე მხარეს ზიანი არ უნდა მიადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის წინასწარ განხორციელებული შესრულება უკან არ უნდა დაბრუნდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულება წინასწარ განხორციელებული არ არის, ასეთ შემთხვევაში მხარეს არამართლზომიერად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით დაკარგული შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზიანი, რომელიც, თავისი არსით, არამართლზომიერად შეწყვეტილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის მისაღები შესრულებაა.
გრძელვადიან ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხარის ინტერესით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებში წინასწარ გადახდილი შესრულება უკან დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მეორე მხარის მიერ ვალდებულების შეწყვეტით ზიანს არ განიცდის, მაგალითად, როდესაც, დამქირავებელი გამქირავებელს სხვა მისთვის მისაღებ დამქირავებელს შესთავაზებს, რომელიც ქირავნობის ურთიერთობას იგივე პირობებით, კერძოდ, იგივე ვადით, ანაზღაურებით და ა. შ. გააგრძელებს.
სახელშეკრულებო სამართალურთიერთობა ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება, ამდენად, კონტრაქტორი მხარის დასაბუთებული ინტერესის და კანონისმიერი ბოჭვის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობებშიც აქვთ ცალმხრივად მოქმედების შესაძლებლობა.
პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების გამოვლინებაა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა, კონტრაგენტის არჩევა და ა.შ. არამედ, ცალმხრივად, ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების შეწყვეტა. მითუმეტეს სახელშეკრულებო თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონტრაგენტი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იყენებს იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებს, ანუ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ აქვს მეორე მხარის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით. ასეთ ვითარებაში კეთილსინდისიერ კონტრაგენტს ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარის მიმართ წარმოეშობა ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ერთადერთი გარემოება, რაც აღნიშნულ უფლებას შეცილებად კატეგორიად აქცევს, შეცვლილი გარემოებებია, ანუ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად უდევს ე.წ. გარიგების საფუძვლის დარღვევა ანუ ხელშეკრულების დადების შემდეგ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა.
ამდენად, ცალმხრივი ინტერესის გამო გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას არ იწვევს, ვინაიდან უკვე შესრულებული ითვლება ზიანად, რომელიც მხარეს არამართლზომიერად ხელშეკრულების შეწყვეტით მიადგა.
