#29068
BLH
Keymaster

ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა  (სუსგ. № 3-751-02)

 

სკ-ს 559-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.

 

ქირავნობის ხელშეკრულებით ნივთით სარგებლობას ყოველთვის აქვს დროებითი ხასიათი. დრო, რომლის განმავლობაშიც დამქირავებელს უფლება აქვს ისარგებლოს დაქირავებული ნივთით, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. თუმცა, ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადითაც. ქართული სამართალი არ იცნობს უვადო, მუდმივ ხელშეკრულებებს. ამიტომ ქირავნობის ხელშეკრულება ვადის მიუთითებლად დადებულად ითვლება განუსაზღვრელი ვადით და ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

 

მხარე, რომელსაც ხელშეკრულების შეწყვეტა სურს, წინასწარ აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ სურს შეწყვიტოს ქირავნობის ურთიერთობა. განსაზღვრული ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ქირავობის ხელშეკრულების შეწყვეტას. თუმცა მხარეებს უფლება აქვთ განაახლონ ქირავნობის ხელშეკრულება, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით, რომელიც, თავის მხრივ, ნებისმიერი მხარის სურვილის შესაბამისად შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით (სკ-ს 559-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ე.ი. კანონი ხელშეკრულების განახლებისათვის არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ფორმას. საკმარისია გამქირავებელი არ ედავებოდეს დამქირავებელს ნივთით სარგებლობაში.

 

ქირავნობის ხელშეკრულების განახლების სურვილი მარტო დამქირავებლის მხრიდან საკმარისი არ არის. აუცილებელია გამქირავებლის ნებაც — განაახლოს ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დამქირავებელს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია სხვა პირებთან შედარებით კვლავ დადოს ახალი ხელშეკრულება გამქირავებელთან იმ ნივთზე, რომლითაც ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდა.