#29043
BLH
Keymaster

იჯარასა და ქირავნობას შორის განსხვავება

ქირავნობის ხელშეკრულების მიზანია მხოლოდ მოხმარება, ნივთით სარგებლობა შემოსავლის მიღების გარეშე. იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მიზანია წარმოება, როგორ შემოსავლის მიღებს წყარო და არსებობის ძირითადი საშუალება.

მიუხედავად ამისა, იჯარა ქირავნობის სახეობას წარმოადგენს, ორივეგან ხდება ქონების მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა, ორივე ხელშეკრულება სასყიდლიანია და დროებითი. აქედან გამომდინარე საიჯარო ურთიერთობები რეგულირდება ქირავნობის ნორმებით თუ იჯარის სპეციალურ მუხლებში არ არის გათვალისწინებული გარკვეული ურთიერთობა.

ამ საკითხზე ერთ-ერთ საქმეზე  საინტერესო განმარტება გააკეთა საქალაქო სასამართომ (იხ. სუსგ. ას-1359-1197-2010).

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მხარეებს მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებული აქვთ იჯარის ხელშეკრულების სახელით, მაგრამ, ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც, თუმცა იჯარის სახელწოდებით.

ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. სწორედ ამის მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები. გადამწყვეტი არ არის მხარეთა მიერ შერჩეული სახელწოდება, რომლითაც ისინი მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოიხსენიებენ.

ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისათვის გადამწყვეტია ხელშეკრულების დადების მომენტში მისი შინაარსი. ქირავნობის ხელშეკრულება თავისი თვისებებით რამდენადმე ემსგავსება სხვა ხელშეკრულებებს. ყველაზე მჭიდრო კავშირი კი მას აქვს იჯარის ხელშეკრულებასთან. თუმცა, მათ შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ხელშეკრულების ამ ორ სახეს. კერძოდ, ქირავნობისგან განსხვავებით, იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას, მიიღოს ნაყოფი (შემოსავალი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, ხოლო მეიჯარეს ეკისრება დამატებითი (გამქირავებლისგან განსხვავებით) ვალდებულება, მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა.

იჯარის საგანს უნდა გააჩნდეს გარკვეული სამეურნეო დანიშნულება და იმთავითვე, მხოლოდ და მხოლოდ მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად უნდა იძლეოდეს ნაყოფს (შემოსავალს). საამისოდ იგი უნდა იყოს «მზად». თუმცა, თუ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოხდება ინვენტარის შევსება ან სხვაგვარი მოდიფიცირება, ეს არ ნიშნავს, რომ ნივთს თავიდანვე არ ჰქონდა უნარი, მოეტანა შემოსავალი და ამით ხელშეკრულების არსი არ იცვლება. ქირავნობა მიმართულია მხოლოდ ნივთისკენ, ხოლო იჯარა ქონებისკენ (ნივთი და უფლება).

ქირავნობა უზრუნველყოფს მხოლოდ ნივთით სარგებლობას, იჯარა _ ასევე ნაყოფის მიღებას. როდესაც მიწის ან ფართის გადაცემა ხდება სამრეწველო ან თავისუფალი პროფესიული საქმიანობისთვის, იჯარის ხელშეკრულებად მოცემული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ მოცემული მიწის ნაკვეთი ან ფართი კონსტრუქციულად განკუთვნილია განსაზღვრული საქმიანობისთვის, ამასთან ისეა მოწყობილი და აღჭურვილი, რომ მისი გამოყენება მაშინვე (იმთავითვე) შესაძლებელია მოგების მიღების მიზნით შემოსავლის მომტანი (შემოსავლიანი, მომგებიანი, მოგების მიღების მიზნით) საქმიანობისთვის. თუმცა, შესაძლოა, ინვენტარი შესავსები იყოს. იჯარისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის გარემოება, რომ ფართი (მათ შორის ცარიელი) სამეწარმეო ან პროფესიული დანიშნულებით გამოიყენება. ამას უნდა დაემატოს ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული მოქმედებები. ამგვარად, თუ მოიჯარე ფართს იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის ისე, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში ფართი ან შენობა წარმოადგენდა ცარიელ სათავსს ან სადგომს, ხოლო შემდგომში მოხდა მისი აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით და მასში მეურნეობის გამართვა, აქ სახეზეა ქირავნობის და არა იჯარის ხელშეკრულება. ამდენად, განსახილველ საქმეში სწორედ ასეთი შემთხვევაა წარმოდგენილი.