მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
იჯარის ცნება
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იჯარის ცნებას:
„იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.“
იჯარისა და ქირავნობის ელემენტები ერთმანეთს ემთხვევა. ისევე, როგორც ქირავნობა, იჯარა არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსესუალური ხელშეკრულება, იგივე ითქმის იმ სხვა ელემენტებზეც, რომელთა შესახებაც გვქონდა საუბარი ქირავნობის ცნების განსაზღვრის დროს.
თუმცა იჯარას გააჩნია გარკვეული თავისებურება, რაც განასხვავებს მას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან, კერძოდ მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი დანიშნულებით გამოყენება და იჯარის მთელი დროის მანძილზე უზრუნველყოს მისი ასეთ მდგომარეობაში შენახვა,რისთვისაც უნდა შეასრულოს შეთანხმებული მოვალეობები, რათა საიჯარო ქონება ყოველთვის იმყოფებოდეს ვარგის მდგომარეობაში და მოიჯარეს შეეძლოს მისი მიზნობრივად გამოყენება და შემოსავლის მიღება.
ამდენად, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარე გააჩნია გარკვეული მიზანი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან, აღნიშნული მიზნის მიღწევაში, მას უნდა დაეხმაროს მეიჯარე, იმ კუთხით, რომ იგი ვალდებულია იჯარის საგანი ამყოფოს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია მოიჯარის მიზნების განხორციელებისკენ.
მაგ: თუ იჯარით გაიცა ავტომობილი, იმ მიზნით, რომ მოიჯარემ გამოიყენოს იგი, როგორც ტაქსი, მეიჯარე ვალდებული იქნება მანქანა ამყოფოს ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში, რათა მოიჯარემ მოახერხოს მისი მეშვეობით ტაქსაობა.
რაც შეეხება მოიჯარის ვალდებულებას, მან უნდა მოახდინოს შესაბამის ანაზღაურება, ნატურის ან ფულადი სახით.
იჯარის არსებითი პირობები, იგივეა, რაც ქირავნობის შემთხვევაში.