#29021

შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

(სუსგ. ას-852-1076-04)

სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისათვის არ გადაეცინებინა.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიუთითა რა აღნიშნულ ნორმებზე, არ დაადგინა შეთანხმებული სამუშაოს შესრულებისათვის რა აუცილებელი მოქმედება არ შეასრულა კომპანია „ი.-მა“, რამ განაპირობა ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა და მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებით გამოირიცხა თუ არა სს „ა.-ის“ ბრალი ხელშეკრულების შეუსრულებლობაში.

სკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში — თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირველესად ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით უნდა დაადგინოს მხარეთა ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ორივე მხარის ბრალეულობის გათვალისწინებით იმსჯელოს მათი პრეტენზიების კანონიერებაზე და პასუხისმგებლობის შესაბამისობაზე ვალდებულების დარღვევასთან.