მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება › Reply To: მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება
განსხვავება ნარდობასა და ნასყიდობას შორის
(სუსგ. №ას-409-1073-03)
სკ-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. მენარდე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. სამუშაო შეიძლება შესრულდეს, როგორც მენარდის, ისე შემკვეთის მასალითა და საშუალებით. სამუშაოს შესრულებისას მენარდის მასალით დამზადებულ ნაკეთობაზე, საჭირო ხდება, რომ ნარდობის ხელშეკრულება განვასხვაოთ ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან.
თუ რომელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული, ნარდობისა თუ ნასყიდობის ამ საკითხის გადაწყვეტას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულების შესახებ ნორმები განსხვავდებიან იმ ნორმებისაგან, რომლებიც აწესრიგებენ ნასყიდობას. ეს განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში:
პირველ რიგში ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, როგორც წესი, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნაკეთობის დამზადება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი კი უმრავლეს შემთხვევაში არის გვაროვნული ნივთი.
გვაროვნული ნივთი ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც განისაზღვრებიან ზომით, წონით ან რაოდენობით. ასეთია რაოდენობრივად მასობრივი ნივთები: ფული, ფასიანი ქაღალდები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და სხვა.
მეორე რიგში, ნარდობის ხელშეკრულების პირობები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია სამუშაოთა შესრულების პროცესში მხარეების ურთიერთობის განსაზღვრისაკენ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად შინაარს წარმოადგენს ხელშეკრულების საგნის გადაცემა მეორე მხარისათვის – მყიდველისათვის.
ნარდობა მოიცავს არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ მის შესრულებასაც. ე.ი. ნარდობის სახელშეკრულებო მოწესრიგება მოიცავს სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობასაც. ნასყიდობაში კი ასეთი რამ არ არის, რამეთუ ხელშეკრულება განსაზღვრავს მხოლოდ სამუშაოს შედეგს (თვითონ ნივთის დამზადება მდებარეობს ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ). აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა, ასევე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სხვა პირობების განმარტება (ხელშეკრულების სახელწოდება, მხარეები, ანგარიშსწორების წესი, გადაცემა, ვისი მასალითა და საშუალებებით მზადდება ნივთი, მიწოდებული მასალის რაოდენობა არსებითია თუ არა და ა.შ.).
მოცემულ საქმეზე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებელი აშენებს მრავალსართულიან საკუთარ საცხოვრებელ სახლს …, მე-9 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დამკვეთმა შეუკვეთა საცხოვრებელი ფართი ამ მშენებარე 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში. ე.ი. შემკვეთმა შეუკვეთა კონკრეტულ მისამართზე მდებარე მშენებარე სახლში, კონკრეტულ სართულზე მდებარე განსაზღვრული ფართის ბინები. სადავო ხელშეკრულებები მოიცავს სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობასაც, კერძოდ, ბინებს გაუკეთდებათ რკინის კარები, დამკვეთის სურვილისამებრ გაკეთდება შიდა ტიხრები, ბინაში გაიყვანენ ცენტრალურ დგარებს, სახლს დაუმონტაჟდება ლიფტი, შეილესება, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსი მოიცავს არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ მის შესრულებასაც. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთებმა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადეს შეთანხმებული თანხა, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთ გარემოებად, რომ სამუშაო შესრულდა შემკვეთის საშუალებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის აღიარებულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობის — ნარდობის არსებობა და, შესაბამისად,გამოყენებულ უნდა იქნეს ნარდობის ხელშეკრულების შესახებ მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნული ნორმები არ აწესებს ხელშეკრულების ფორმას, რის გამოც ნარდობის ხელშეკრვლების ფორმის საკითხი ექვემდებარება გარიგების ფორმის შესახებ საერთო ნორმებს. სკ-ს 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.