მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
ნასყიდობის ხელშეკრულების არსი
ნასყიდობის ცნება: ნასყიდობის ცნება განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც:
„ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.“
„მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.“
ამდენად, ნასყიდობის ცნებიდან გამომდინარე აღნიშნული ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი ელემენტებით:
1. ორმხრივობა– ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლება, ისე ვალდებულება. მყიდველს აქვს საფასურის გადახდის ვალდებულება და ნასყიდობის საგნის მიღების უფლება, ხოლო გამყიდველს საგნის გადაცემის ვალდებულება და საფასურის მიღების უფლება.
2. კონსესუალურობა– ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მასზე შეთანხმების მომენტიდან და იგი შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების შესრულების მომენტს.
3. სასყიდლიანობა– ორივე მხარე ღებულობს ურთიერთსარგებელს.
ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი (ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი), ხოლო ნასყიდობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, მნიშვნელოვანია გამყიდველს გააჩნდეს ნასყიდობის საგნის განკარგვის უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილება, საგნის მესაკუთრის გარდა შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერ პირს, კანონის ან/და მესაკუთრის ნების საფუძველზე.
არსობრივად ზუსტად იგივე ტიპის ხელშეკრულებაა გაცვლის ხელშეკრულებაც, ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ანუ გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი. აქედან გამომდინარე, გაცვლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ანალოგიით არეგულირებენ ნასყიდობის ნორმები.