#28818
Crassus
Participant

პარტნიორის გარიცხვა (2011-2015 პრაქტიკა)

ას-577-545-2011, 23/05/2011

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა განეკუთვნება სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დადგენილი კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ დამატებით უფლებათა გამოყენების სფეროს. ამასთან პარტნიორის გარიცხვა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით დაუშვებელია. იგი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პარტნიორთა ერთად შეუძლებელია საზოგადოების შემდგომი საქმიანობის გაგრძელება.

(ას-289-273-2011)

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლისა და 3.7. მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრების უფლებას წილზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკორპორაციო ურთიერთობაში სპეციფიკა და სახელშეკრულებო პირობები არ გულისხმობს პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევას მისი ნების გარეშე. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია, მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ისიც იმიტომ, რომ ეს შემთხვევა, პირდაპირ არის დადგენილი კანონით და საკორპორაციო „ურთიერთობებში პირის შესვლა თავისთავად გულისხმობს, რომ მან ნებაყოფლობით მიიღო შესაბამისი სახელშეკრულებო პირობები და გათვითცნობიერებული აქვს ურთიერთობათა სპეციფიკა“. ყველა სხვა შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გასარიცხად, ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეზე.

(სუსგ Nას-771-732-2013)

უზენაესი სასამართლოს 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს პარტნიორის გარიცხვის დარეგისტრირების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი იქნა ხარვეზი, რადგანაც წარმოდგენილი არ იყო პარტნიორების მიერ შენატანის შეტანის წესისა და ვადის განსაზღვრის შესახებ დადგენილება და იმ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ პარტნიორმა მართლაც არ განახორციელა შენატანი .

საკასაციო სასამართლო განმარტა ამ საქმეში, რომ პარტნიორის გარიცხვა საწარმოდან დასაშვებია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-3(7) მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც პარტნიორი კარგავს წილ საწარმოში თუკი არ განახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ შენატანს. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც წილი საწარმოში არის პიროვნების საკუთრება, რომელსაც იცავს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

შესაბამისად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენატანის განუხორციელებლობის შედეგად პარტნიორის გარიცხვის დროს არ არის აუცილებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. გარიცხვისათვის საკმარისი არის წესდება და ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ პარტნიორმა მართლაც არ განახორციელა შენატანი.