#28817
BLH
Keymaster

პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან (2002-2007 წლების პრაქტიკა)

ას-614-951-07, 12/10/2007   

„წარმოდგენილი დავის საგანია სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის წესის დარღვევის გამო საწესდებო კაპიტალში გარიცხული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორებზე გადანაწილების კანონიერება. აღნიშნულ საკითხზე კი არსებობს სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისათვის მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საკმარისი არ არის. პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებამ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც სასარჩელო წესით განიხილავს სადავო საკითხს და მხოლოდ მითითებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორებს შორის განაწილება.“

 (ას-777-1040-05)

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15.1 მუხლის თანახმად პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. მე-15.2 მუხლში მითითებული გასაჩივრების ორთვიანი ვადა შეეხება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, ხოლო ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, როგორიცაა პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან, გამოყენებული უნდა იყოს არა გასაჩივრების ორთვიანი, არამედ ხუთწლიანი ვადა.

3კ/1244-02, 21/03/2003

“პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის შესახებ თავისთავად არ იწვევს მის გარიცხვას საზოგადოებიდან. ეს არის საფუძველი, რათა საზოგადოებამ სარჩელით მიმართოს სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ იღებს სასამართლო. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა საზოგადოების წესდება პირდაპირ ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვის უფლებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის გამო წარმოებულ დავაში მოსარჩელე არის საზოგადოება, ხოლო მოპასუხე – გასარიცხი პარტნიორი.

სსკ-ს 310-ე მუხლის თანახმად სასაართლო საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის შესახებ საქმეებს განიხილავს უდავო წარმოების წესით. უდავო წარმოების წესით ხდება იმ ფაქტების რეგისტრაცია, რომელიც დავას არ იწვევს. პარტნიორის გარიცხვა საწარმოდან წარმოადგენს დავის ობიექტს, სადავო საკითხს, რომელიც წილის მესაკუთრის უფლებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ პარტნიორის საწარმოდან გარიცხვა ვერ იქნება განხილული და რეგისტრირებული, როგორც უდავო ფაქტი. პირმა, რომელსაც სურს, რომ პარტნიორის გარიცხვა დაფიქსირდეს, აისახოს სამეწარმეო რეესტრში, სასამართლოს უნდა მიმართოს სასამართოში საქმეთა განხილვის საერთო სასარჩელო წესით. “

3კ/1016-01, 25/01/2002

“საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საქმეზე მოპასუხე არის საზოგადოება და არა პარტნიორი, თუნდაც პარტნიორს საზოგადოებაში წილთა უმრავლესობა ჰქონდეს და რეალურად შეეძლოს პარტნიორთა გადაწყვეიტილებაზე გავლენის მოხდენა. პარტნიორის გარიცხვის საკითხს წყვეტს საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საზოგადოების გადაწყვეტილებას. საქმეზე, რომელზედაც იხილება საზოგადოების გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, მოპასუხე საზოგადოების პარტნიორი ვერ იქნება.”

ას-123-433-04, 11/05/2004

“სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოებიდან გარიცხვა არ მომხდარა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.5. მუხლის შესაბამისად, კერძოდ, გარიცხულ პარტნიორს არ ჩაბარებია პარტნიორთა გაფრთხილება შესატანის შეტანის თაობაზე სათანადო ვადის მითითებით.