#28672
BLH
Keymaster

რა არის მფლობელობა?

ქართული კანონმდებლობის მიხედვით მფლობელობა არის ნივთზე სუბიექტის ფაქტობრივი ბატონობა. მაგ: ბინის დამქირავებელი არის ბინის მფლობელი, რადგან იგი ფაქტობრივად ბატონობს (ფლობს) ბინას.

მფლობელობის აუცილებელი ელემენტია სუბიექტის ნება ფლობდეს ნივთს, ანუ ნივთის ფაქტობრივი ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს პირის ნების საფუძველზე.

მფლობელობა ორი სხვადასხვა დონის შეიძლება იყოს:

ა. პირდაპირი მფლობელობა–  გულისხმობს ნივთის სარგებლობის შესაძლებლობას, მაგ: ბინის დამქირავებელი არის პირდაპირი მფლობელი- იგი უფლებამოსილია ისარგებლოს ბინით.

ბ. არაპირდაპირი მფლობელობა- გულისხმობს ნივთზე სამართლებრივი ძალაუფლების ქონას და მისი განხორციელების შესაძლებლობას. მაგ: როდესაც ბინა არის გაქირავებული, მისი დამქირავებელი იქნება ბინის პირდაპირი მფლობელი, ხოლო ბინის მესაკუთრე ამავდროულად იქნება ბინის არაპირდაპირი მფლობელი, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელის უნარს განკარგოს გაქირავებული ნივთი, არ დაუშვას მისი ნივთის უკანონოდ სარგებლობა და ა.შ, თუმცა ამავდროულად მას არ აქვს ბინით სარგებლობის უფლება, ანუ იგი არ არის პირდაპირი მფლობელი.

მფლობელობითი კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა გააჩნია პირდაპირ მფლობელობას, იგი დაცულია თვით არაპირდაპირი მფლობელისგანაც. მაგ: მესაკუთრე არ არის უფლებამოსილი ბინის დამქირავებლის უფლებაში ჩაერიოს, სანამ მას ასეთი უფლება გააჩნია.

მფლობელისაგან განასხვავებენ ე.წ. „მოსარგებლეს“, რომელიც შეიძლება იყოს, პირი, რომელიც ნივთზე ბატონობას ახორციელებს სხვა პირისათვის (მაგ: მანქანის მძღოლი), ან პირი, რომელსაც ნივთი გადაეცა ე.წ. ჯენტლმენური/მეგობრული გარიგების საფუძველზე, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. (მაგ: მამა  დროებით თხოვნის შვილს მანქანას, მამა რჩება მანქანის მფლობელი). მოსარგებლის და მფლობელის შორის განსხვავება ნათლად ჩანს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლიდან გამომდინარე.