მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა › Reply To: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა
ჩუქების გაუქმება (ას-73-419-07)
სკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს. დასაჩუქებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას:
ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე;
ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი;
გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში;
მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი; დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვინაიდან ის არის არასრულწლოვანი და ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები და რომლებიც ვალდებული არიან, შეუქმნან შვილს საცხოვრებელი პირობები; ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ასევე, შრომის უნარის დაქვეითების გამო საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის.
კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მჩუქებლის მდგომარეობა ბინის გაჩუქების შემდეგ არ გაუარესებულა, იგი ომის მონაწილე და ინვალიდი მანამდე იყო, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ კ. ს-ავა ცხოვრობდა სადავო ბინაში. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მისთვის შეუძლებელი გახდა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბინაში ცხოვრობს დასაჩუქრებულის დედა, მოსარჩელის განქორწინებული მეუღლე ლ. ც-ძე, რომელთანაც მოსარჩელეს აქვს დაძაბული ურთიერთობა; ამ გარემოებამ აიძულა უარი ეთქვა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრებაზე.
დასაჩუქრებულმა ჩუქების ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, მუდმივი საცხოვრებელი მიეცა მჩუქებლისათვის, ის ვალდებული იყო, მისთვის შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც მჩუქებელს ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემდა. მართალია, აღნიშნული არ არის გამოწვეული დასაჩუქრებულის ბრალეული ქმედებით, მაგრამ სკ-ის 530-ე მუხლი მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობის შექმნაში არ მოითხოვს დასაჩუქრებულის ბრალის არსებობას.
