#28422
BLH
Keymaster

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება და ბათილობის მტკიცების ტვირთი (ას-1009-1268-04)

 

სკ-ის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, რაც არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვანად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზე შეთანხმდნენ).

 

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადმტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაც გახდებოდა სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.