#28411
Crassus
Participant

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი

„კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (სსკ 319.I).

სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ნების ავტონომიის პრინციპს, რაც ნიშნავს, კერძო სამართლის სუბიექტთა შესაძლებლობას თავისუფალი ნების გამოვლენით სახელმწიფოსაგან ჩაურევლად მოაწესრიგონ ურთიერთობა ერთმანეთს შორის.

სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ნების ავტონომიის პრინციპის რეალიზება ხდება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მეშვეობით.

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე), განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი.

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ელემენტისგან შედგება: ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა (სსკ 319.1)

ხელშეკრულების დადების თავისუფლება–განამტკიცებს იმ შესაძლებლობას, პირმა დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება.ზოგიერთი გამონაკლისის გარდა,კანონი არ ითვალისწინებს  ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. პირი უფლებამოსილია აირჩიოს სახელშეკრულებო კონტრაჰენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული შესაძლებლობა, მაგ: ელექტრო, გაზმომარაგების დროს.

ხელშეკრულების დადების თავისუფლება იმაშიც ვლინდება, რომ მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულების შესრულებაზე და შეწყვიტონ იგი, ოღონდ არა ცალმხრივად, არამედ კონსესუსის საფუძველზე.

ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა– ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინაამღვდეგება მას.(319.1.მეორე წინადადება)