მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
რა არის ქირავნობის ხელშეკრულება
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
შეგვიძლია გამოვყოთ ქირავნობის 7 ელემენტი:
1) ქირავნობის სუბიექტები(მხარეები): გამქირავებელი და დამქირავებელი, შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
ა. გამქირავებელი- ეს არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლება: მესაკუთრე, მეაღნაგე, დამქირავებელი (ქვექირავნობის უფლება) და სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლებამოსილება. (კანონით ან მესაკუთრისგან)
ბ. დამქირავებელი- შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული/ფიზიკური პირი.
2)ქირავნობის ობიექტი– ქირავნობის ობიექტია, როგორც უძრავი (მაგ: ბინა), ისე მოძრავი (მაგ: ავტომობილი, ნაჯახი, ჭიქა) ნივთი, ოღონდ აღნიშნული ნივთი არ უნდა იყოს გვაროვნული, ანუ ისეთი ნივთი, რომელიც არ გამოირჩევა ინდივიდუალური მახასიათებლებით და რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში განუსაზღვრელი რაოდენობისაა (მაგ: არ შეიძლება ქირავნობის საგანი იყოს კარტოფილი).
3)სარგებლობაში გადაცემა– გამქირავებელი გადასცემს ქირავნობის საგანს დამქირავებელს სარგებლობაში, შესაბამისად დამქირავებელს წარმოეშობა მფლობელობისა და სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე.
4)ქირავნობის ვადა– დაუშვებელია ქირავნობის დადება მუდმივი ვადით, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიკარგება ქირავნობის საგნის მესაკუთრის საკუთრების უფლება, რაც სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე იქნება ბათილი, რადგან ლახავს სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს, ხოლო თუ ქირავნობის ვადა არ არის განსაზღვრული, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ქირავნობის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს.
5)ქირა- ქირავნობა სასყიდლიანია, დამქირავებელი ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს დაქირავებული ქონების ქირა ნივთის სარგებლობისათვის. ქირა შეიძლება იყოს განსაზღვრული, როგორც ფულადი სახით, ისე ნატურით.
6)ქირავნობის კონსესუალური ბუნება– ქირავნობა კონსესუალური ბუნებისაა, ანუ დადებულად ითვლება შეთანხმებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაეცემა ნივთი.
7)ქირავნობის ფორმა– ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ფორმით, როგორც წერილობითად, ისე ზეპირად.