მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ბ) მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები: აღნიშნული გარემოებების არსებობისას გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა და შესაბამისად სამართალდარღვევის ქმედების შემადგნელობის მიუხედავად პირს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.
უკიდურესი აუცილებლობა- ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც საზოგადოებრივ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.
უკიდურესი აუცილებლობის მახასიათებელია ის, რომ ქმედება აკმაყოფილებს ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, ქმედება შეიცავს მართლწინააღმდეგობის ელემენტებს, მაგრამ ეს გამოწვეულია უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის გადარჩენის მიზნით და ის ახდენს მართლწინააღმდეგობის ნიშნების განეიტრალებას.
აუცილებელი მოგერიება-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.
მართლწინააღმდეგობის გამამართლებელი აუცილებელი მოგერიების ძირითადი ელემენტია ინტერესთა შეპირისპირება. ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედება გამართლებულია, თუ კი გადაწონის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ინტერესები.
ვალდებულებათა კოლიზია- მართლწინააღმდეგობის გამამართლებელი გარემოებაა ვალდებულებათა კოლიზია, როდესაც უმოქმედობით დელიქტებში პირის უმოქმედობა გამოწვეულია სხვა ვალდებულების განხორციელების ინტერესებით. თუ კი მოქმედების ვალდებულების ღირებულება გადაწონის უმოქმედობით გამოწვეულ უარყოფით შედეგეს, ეს გამართლებულია მოქმედების უპირატესი ინტერესით. ასევე, თუ კი უმოქმედობა იწვევს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ხოლო მოქმედების განხორციელება გამოწვეულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ინტერესებიდან, ეს შეიძლება გახდეს გამამართლებელი გარემოება.
ინტერესთა შეპირისპირებისას გამოიყენება იგივე კრიტერიუმი, როგორც ეს არის აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტში.
