მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
სამოქალაქო ნორმების კლასიფიკაცია
სამოქალაქო სამართალი შეიცავს სხვადასხვა სახის ნორმებს (წესებს):
მკაცრი წესები (ius strictum)- მკაცრი წესები სახეზეა, როდესაც კანონით ნათლად და ზუსტად არის განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა და მისი სამართლებრივი შედეგი; ესეიგი, როდესაც ნორმა არ იძლევა საშუალებას, რომ კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი დეტალები გავითვალისწინოთ; მკაცრი ნორმები არ საჭიროებენ შეფასების მეშვეობით შინაარსის შევსებას/განსაზღვრას.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი: „არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.“
მოცემულ შემთხვევაში ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი შედეგი ზუსტად არის განსაზღვრული და არ რჩება ინტერპრეტაციის საშუალება, კერძოდ თუ პირის ასაკი შვიდი წლიდან თვრამეტ წლამდე მერყეობს იგი ჩაითვლება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ.
სამართლიანობის წესები(ius aequum)– სახეზეა, როდესაც სამართლის ნორმა შეიცავს ფაქტობრივ შემადგენლობას, რომელიც საჭიროებს შეფასების მეშვეობით მისი შინაარსის შევსებას/განსაზღვრას ან სამართლებრივ შედეგს, რომელიც იძლევა შეფასების მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებას.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლი „გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.“
მაგ: სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“
ორივე შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, აუცილებელია შეფასება- შეესაბამება თუ არა ნორმაში განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ვაფასებთ.
იმპერატიული წესები (ius cogens)– გულისხმობს, რომ აღნიშნული წესების შეცვლა არ შეუძლიათ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით;
ამ მხრივ იმპერატიული წესები ზღუდავს კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ -ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს;
იმპერატიული წესების დაწესებით, კანონმდებელი არ ანდობს ურთიერთობის მონაწილეებს მათი ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრას და თავად აწესრიგებს ურთიერთობების შინაარსს.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი: „იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“..
მოცემულ შემთხვევაში კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ იპოთეკის უფლების წარმოშობა დაკავშირებულია მის რეგისტრაციასთან საჯარო რეესტრში. სხვაგვარად მხარეების შეთანხმება იპოთეკის შესახებ არ წარმოშობს იურიდიულ ძალას.
დისპოზიციური წესები (ius dispositivum)- გულისხმობს ისეთ სამართლებრივ წესებს, რომელთა შეცვლა და გამორიცხვა შეუძლიათ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს;
დისპოზიციური წესები კანონმდებელმა შექმნა ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც ურთიერთობის მხარეებს დაავიწყდათ ან გამორჩათ გარიგების საფუძველზე გარკვეული საკითხების გათვალისწინება;
მაგ: სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას.“
მოცემული ნორმა არის დისპოზიციური, რაც ნიშნავს იმას, რმ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ქირის გადახდის სხვაგვარ ვადაზე, ვთქვათ ქირავნობის ხელშეკრულების დადების მომენტში, ან ყოველთვიურად.
