მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა › Reply To: იპოთეკა & გირავნობა
ას-114-110-2012
აი რას ამბობს სააპელაციო სასამართლო მოტყუებასთან დაკავშირებით:
სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით(თაღლითბა – მოტყებით) ბ. ჟ–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენა არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ქმედების შეფასებისა და აღნიშნული ქმედების თანმდევი შედეგების მატერიალურ–სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეფასების კრიტერიუმები თავისი თანმდევი შედეგებით სამოქალაქო სამართალწარმოებაში ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის წესით დადგენილი მოტყუების ფაქტი შეიძლება სამოქალაქო წესით არ წარმოადგენდეს ქმედების ისეთ შემადგენლობას, რომელიც გარიგების ბათილობას იწვევს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით დადგენილი ბ. ჟ–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულების მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შემთხვევაში და არა გარიგების ბათილობის მოთხოვნით გამართულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ამდენად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სამოქალაქო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება სულ სხვაგვარი შეფასება მიეცეს, ვიდრე აღნიშნული სისხლის სამართლის წესით არის დადგენილი. როგორც განაჩენის შინაარსიდან გამომდინარეობს, ბ. ჟ–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა დაზარალებულთა ნდობის ბოროტად გამოყენების შედეგად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იწვევს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა ეფუძნება მხარეთა კეთილსინდისიერ ქმედებას, მაგრამ აღნიშნული ხორციელდება რა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაბალანსების საჭიროების პირობებში, მხარე, რომელიც არ დაიცავს წინდახედულობის აუცილებელ ნორმებს, ხდება შესაბამისი რისკის მატარებელი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს 2008 წლის 30 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო ა. ო–ს შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული მინდობილობა წარმოადგენდა მესამე პირებისათვის კანონიერი ნდობის შექმნის საფუძველს. მესამე პირი, რომელიც ბ. ჟ–თან დებდა გარიგებას, ენდობოდა ხელმოწერილ, ნოტარიულად დამოწმებული გარიგების შინაარსს. ივარაუდება, რომ ხელმოწერილ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში ნების გამომვლენი აცნობიერებდა გამოვლენილ ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იცნობდა დოკუმენტის შინაარსს და მისთვის ცნობილი იყო გარიგების სამართლებრივი შედეგები. იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი ითვალისწინებს მხარეთა შორის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებასა და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას, სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
შემდეგ უზენაესმა დაამატა:
შეუძლებელია, მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების გაბათილება იმ მოტივით, რომ მინდობილობის დადებისას მხარე მოატყუეს ან მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს და იგი მიჩნეული არ არის არარა გარიგებად. ხოლო მხარეთა შორის არსებული მინდობილობით მხარე აღჭურვილია უფლებით დატვირთოს ნივთი იპოთეკით.
მოცემულ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმეში მონაწილეობს შპს „თ-ც“(გამსესხებელი/იპოთეკარი), რომლის არაკეთილსინდისიერება არ დგინდება საქმის მასალებით. ასეთზე ვერ უთითებს კასატორიც. ა. ო-ა განაჩენის მიხედვით მოატყუა ბ. ჟ-მა და სწორედ იგია პასუხისმგებელი მის წინაშე
მოკლედ ვიტყვი, ფაქტიურად ითქვა რომ სისხლის სამართლის 180 მუხლით გათვალისწინებული მოტყუება და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოტყუება შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთსო. ამ შემთხვევაში მინდობილობის ბათილობა მოტყუების მოტივით არ შეიძლება, იქედან გამომდინარე რომ მარცმუნებლისთვის ცნობილი იყო მინდობილობის იურიდიული შედეგი და რისკები. ამასთანავე ნების გამოვლენა მოხდა დადგენილი წესების მიხედვითო.
ფაქტიურად ნების ფორმირება და ნების გამოვლენა ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ არ ცნო ბათილად.
