მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
მესამე პირთა მოძრავი ნივთების დაყადაღება
გადაწყვეტილება ას-26-24-2013 (ანალოგიური საქმე ას-204-197-2013) ეხება მოვალის საცხოვრებელ ადგილზე მესამე პირთა მოძრავი ქონების დაყადაღებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა სკ-ის 151-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელსი სახელზე, შესაბამისად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რაც ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.“
