#1551

სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: “მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.”

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს თანაზიარი ნივთის გამსხვისებელი მეუღლის პასუხისმგებლობის წყაროს, რაზეც მიუთითებს თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი:  “ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამდენად, აღნიშნული მუხლით დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს იმ სარგებლის ნახევარი, რაც ნივთის გასხვისებით იქნა მიღებული. მაგ: თუ ნივთი გასხვისდა 10.000 დოლარად, მას შეუძლია მოითხოვოს 5.000 დოლარი, მიუხედავად იმისა, ნივთის საბაზრო ღირებულება არის თუ არა უფრო მაღალი.

იმ შემთხვევაში თუ თანასაკუთრებაში არსებული ნივთი საბაზრო ფასზე ნაკლებად იქნა გასხვისებული, მეუღლეს შეუძლია გარდა სარგებლის მოთხოვნისა, მოითხოვოს ასევე ზიანის ანაზღაურებაც. არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში გამოიყენება არა დელიქტური ნორმები, არამედ სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე და 979.2-ე მუხლები და “ზიანთან გათანაბრების” ცნება, რაც უსაფუძვლო გამდიდრების თემაში გვაქვს განხილული. (ას-1136-1067-2012).

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ განკარგული ნივთის საბაზრო ღირებულება 20.000 დოლარია და იგი მხოლოდ 10.000 დოლარად განიკარგება, დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს 5.000 დოლარი, როგორც სარგებელი და 5.000 დოლარი, როგორც ზიანის ანაზღაურება სკ-ის 982.1-ე და 979.2-ე მუხლების საფუძველზე.