#29282
Crassus
Participant

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგს, კერძოდ სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის მომენტიდან. სწორედ ამ მომენტიდან ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების შეძენა.

საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის შესაბამისად.

სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

არსებობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები.

თუ ნიშანი ვერ აკმაყოფილებს სასაქონლი ნიშნის კრიტერიუმებს, იგი ვერ დარეგისტრირდება და შესაბამისად არ წარმოიშობა მასთან დაკავშირებული უფლებები. ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება რეგისტრაციაზე უარის აბსოლუტური საფუძვლები.

რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლებს, ისინი დაკავშირებულია კონფლიქტში მოსვლასთან, სხვა უკვე დაცულ სასაქონლო ნიშანთან.

მაგ: თუ განცხადებული სასაქონლო ნიშანი იდენტურია ან მსგავსია უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან.

უფრო დეტალურად ამ საკითხებზე ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში.