Viewing 10 posts - 1 through 10 (of 13 total)
  • Author
    Posts
  • #29260
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ საშემოსავლო და მოგების გადასახადის აღრიცხვისა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #29263

    მოგების და საშემოსავლო გადასახადის აღრიცხვის წესები

     

    გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე.

     

    გადასახადის გადამხდელმა საშემოსავლო და მოგების გადასახადი,  ორი მეთოდის გამოყენებით უნდა აღრიცხოს: საკასო ან დარიცხვის მეთოდით.

     

    აღნიშნული მეთოდების გამოყენებით, მან უნდა მიაკუთვნოს შემოსავლები და შესაბამისი ხარჯები  იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. საგადასახადო პერიოდია კალენდარული წელიწადი პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

    #29265
    BLH
    Keymaster

    გადასახადის აღრიცხვა საკასაო მეთოდით

     

    აღრიცხვის საკასო მეთოდის  გამოყენებისას შემოსავლები უნდა აღირიცხოს მათი მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან. ხოლო ხარჯები უნდა გამოიქვითოს განაღდების შემდეგ.

     

    აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:

     

    ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი.

     

    მაგ:  „ა“-მ გაუწია მომსახურეობა „ბ“-ს. „ა“-მ თავის ერთობლივ შემოსავალში უნდა აღრიცხოს ამ მომსახურეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, იმ მომენტიდან, როცა „ბ“ მას ფაქტობრივად გადასცემს ფულს.

     

    ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.

     

    მაგ: „ა“-მ გაუწია მომსახურეობა „ბ“-ს. „ა“-მ თავის ერთობლივ შემოსავალში უნდა აღრიცხოს ამ მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი, იმ მომენტიდან, როცა მოხდება მის საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა.

     

    აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:

     

    ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი.

     

    ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის (ხარჯის გამწევი მხარის) საბანკო და სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.

     

    მაგ: ზემოთ მოცემულ მაგალითებში „ბ“-მ ხარჯები უნდა აღრიცხოს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, იმ მომენტიდან, როცა მოხდება ფულის გადაცემა, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორებისას – იმ მომენტიდან, როცა ფული ჩამოეჭრება ანგარიშიდან.

    #29267
    BLH
    Keymaster

    გადასახადის აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით

     

    დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად.

     

    გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:

     

    ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;

     

    ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

     

    მაგ: „ა“ და „ბ“-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, „ბ“ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადასცა „ა“-ს ნასყიდობის საგანი, ამ მომენტიდან „ბ“-მ უნდა აღრიცხოს თავის ერთობლივ შემოსავალში „ა“-ს მიერ მოსაცემი შემოსავალი.

     

    დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

     

    ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;

     

    ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;

     

    გ) ხელშეკრულების ყველა მონაწილემ (მხარემ) ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ ხელშეკრულების მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.

    #29268
    BLH
    Keymaster

    თანამფლობელობა

     

    იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის თანამფლობელობის შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.

     

    მაგ: ამხანაგობა „ნუგბარი“ შედგება ოთხი წევრისგან, რომელთა წილიც თანაბარია და შეადგენს 25%-ს. ამხანაგობის შემოსავალმა 2013 წელს საგადასახადო შეადგინა 100.000 ლარი, შესაბამისად 25.000 ლარის ასახვა უნდა მოხდეს თითოეული ამხანაგობის წევრის ერთობლივ შემოსავალში 2013 წლისათვის.

     

    მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა თავის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს იმ საგადასახადო წლის თავის ერთობლივ შემოსავალში, რომელშიც ამხანაგობამ მიიღო აღნიშნული მოგება.

     

    მაგ: მიუხედავად იმისა, ამხანაგობა „ნუგბარი“ გაანაწილებს თუ არა მის წევრებს შორის მიღებულ შემოსავლებს, მისი წევრები ვალდებული არიან ერთობლივ შემოსავალში შეიტანონ თავიანთი წილის შესაბამისად მიღებული შემოსავალი, ზემოთ მოცემული მაგალითის შესაბამისად.

     

    თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

     

    ასეთ შემთხვევაში ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს მისთვის წყაროსთან დაკავებული გადასახადი.

     

    მაგ: ამხანაგობა „ნუგბარის“ ოთხი წევრიდან ერთ-ერთი არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც გადასახადის გადამხდელი. მისთვის გადასაცემი წილის ოდენობა შეადგენს 25.000 ლარს. ამხანაგობა ვალდებულია დაუკავოს საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით- 5.000 ლარი. ხოლო ამხანაგობის ეს წევრი უფლებამოსილი იქნება მისი საშემოსავლო გადასხადით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისას ჩაითვალოს წყაროსთან დაკავებული გადასახადი.

     

    ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

     

    ამხანაგობაში მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესით.

     

    მაგ: ამხანაგობამ მიიღო ზარალი, მისი ერთ-ერთი წევრისთვის ზარალმა შეადგინა 10.000 ლარი. ამავდროულად მას გააჩნია პირადი ერთობლივი შემოსავალი 50.000 ლარის ოდენობით. იგი არ არის უფლებამოსილი ზარალი გამოაკლოს მის პირად ერთობლივ შემოსავალს. იგი უფლებამოსილი იქნება გამოქვითოს ზარალი მხოლოდ იმ შემოსავლიდან, რომელსაც იგი მიიღებს ამხანაგობიდან შემდეგი წლების მიხედვით.

     

    ამხანაგობის ზარალი, რომელიც მიეკუთვნება მის მფლობელს, ამ მფლობელის სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

     

    ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ საბაზრო ღირებულებით ქონების მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად.

     

    ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც მოცემული იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მისი წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

     

    #29269
    BLH
    Keymaster

    რა არის საგადასახადო დეკლარაცია?

     

    საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. მოგების/საშემოსავლო გადასახდთან დაკავშირებით დეკლარაციაში განისაზღვრება ერთობლივი შემოსავლები, გამოქვითვები და შესაბამისად დაბეგვრის ობიექტი, საიდანაც გადაიხდება გადასახადი.

     

    საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.

     

    პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით.

     

    თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

     

    საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და ელექტრონული დეკლარირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის N-966  ბრძანებით.

    #29271
    BLH
    Keymaster

    დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

     

    საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ: (მაგ: 2013 წლის გადასახდის შესახებ დეკლრაციის წარდგენა მოხდება 2014 წლის 1 აპრილს).

     

    ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლებიც არ ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან;

     

    ბ) საქართველოს საწარმოები;

     

    გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები და არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.

    #29272
    BLH
    Keymaster

    შრომის ანაზღაურების შესახებ დეკლარაცია

     

    პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N-966 ბრაძანებით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ.

    #29273
    BLH
    Keymaster

    ქონების რეალიზაციისა და მემკვიდრეობით მიღებისას წარსადგენი დეკლარაციები

     

     

    მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობისას ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე:

     

    ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში;

     

    ბ) ფიზიკური პირის მიერ ქონების საჩუქრად მიღების (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა და III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) შემთხვევაში;

     

    გ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში.

     

    III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადები განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის N-996 ბრძანებით.

    #29275
    BLH
    Keymaster

     გადასახადის დაკავება წყაროსთან

     

    აღნიშნულ საკითხს უკვე შევეხეთ ერთობლივი შემოსავლებისა და ხარჯების თემაში, ამავდროულად ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია დევს ჩვენ სტატიაში.

     

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 13 total)
  • You must be logged in to reply to this topic.