Viewing 10 posts - 41 through 50 (of 56 total)
  • Author
    Posts
  • #28818
    Crassus
    Participant

    პარტნიორის გარიცხვა (2011-2015 პრაქტიკა)

    ას-577-545-2011, 23/05/2011

    სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა განეკუთვნება სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დადგენილი კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ დამატებით უფლებათა გამოყენების სფეროს. ამასთან პარტნიორის გარიცხვა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით დაუშვებელია. იგი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პარტნიორთა ერთად შეუძლებელია საზოგადოების შემდგომი საქმიანობის გაგრძელება.

    (ას-289-273-2011)

    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლისა და 3.7. მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრების უფლებას წილზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკორპორაციო ურთიერთობაში სპეციფიკა და სახელშეკრულებო პირობები არ გულისხმობს პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევას მისი ნების გარეშე. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია, მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ისიც იმიტომ, რომ ეს შემთხვევა, პირდაპირ არის დადგენილი კანონით და საკორპორაციო „ურთიერთობებში პირის შესვლა თავისთავად გულისხმობს, რომ მან ნებაყოფლობით მიიღო შესაბამისი სახელშეკრულებო პირობები და გათვითცნობიერებული აქვს ურთიერთობათა სპეციფიკა“. ყველა სხვა შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გასარიცხად, ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეზე.

    (სუსგ Nას-771-732-2013)

    უზენაესი სასამართლოს 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს პარტნიორის გარიცხვის დარეგისტრირების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი იქნა ხარვეზი, რადგანაც წარმოდგენილი არ იყო პარტნიორების მიერ შენატანის შეტანის წესისა და ვადის განსაზღვრის შესახებ დადგენილება და იმ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ პარტნიორმა მართლაც არ განახორციელა შენატანი .

    საკასაციო სასამართლო განმარტა ამ საქმეში, რომ პარტნიორის გარიცხვა საწარმოდან დასაშვებია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-3(7) მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც პარტნიორი კარგავს წილ საწარმოში თუკი არ განახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ შენატანს. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც წილი საწარმოში არის პიროვნების საკუთრება, რომელსაც იცავს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

    შესაბამისად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენატანის განუხორციელებლობის შედეგად პარტნიორის გარიცხვის დროს არ არის აუცილებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. გარიცხვისათვის საკმარისი არის წესდება და ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ პარტნიორმა მართლაც არ განახორციელა შენატანი.

    #32157
    BLH
    Keymaster

    საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა

    საქმე № ას-556-939-06

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები და იგი უნდა ეფუძვნებოდეს გასარიცხი პარტნიორის სხვა პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობას.

    პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს პარტნიორის კანონსაწინააღმდეგო და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში პარტნიორის გარიცხვის საფუძვლად კრებამ მიიჩნია ზ. ქ-ის, როგორც საზოგადოების დირექტორის არასწორი საქმიანობა, რაც თავისთავად არ მეტყველებს მისი, როგორც პარტნიორის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან საზოგადოების ინტერესებისათვის პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში მისი მოქმედებიდან გამომდინარე ზიანის მიყენებაზე.

    „მეწარმეთა შესახებ“ კანონი განამტკიცებს რა საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას, თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე დარღვევა შესაძლებელია გახდეს დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი.

    #29635
    BLH
    Keymaster

    საწესდებო კაპიტალი

    საწესდებო კაპიტალი არის კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია კაპიტალური ტიპის საწარმოს დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები (აქციონერები) წესდებით კისრულობენ. საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობა.

    საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა. იგი დაყოფილია წილებად (შპს-ში), აქციებად (სააქციო საზოგადოებაში) ან პაიებად (კოოპერატივებში).

    საწესდებო კაპიტალის ოდენობა ყოველთვის შეადგენს წილთა (აქციათა, პაის) ნომინალური ღირებულებების ჯამს (არც მეტი არც ნაკლები). მათი რეალური საბაზრო ღირებულება კი ყოველთვის ან აღემატება ან ნაკლებია ნომინალურ ღირებულებაზე.

    საზოგადოების ქონება (ეკონომიკური გაგებით – ,,საზოგადოების კაპიტალი”) კი არის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა. მათ განეკუთვნება ფული, მანქანა-დანადგარები, მიწის ნაკვეთები და ა.შ. საწესდებო კაპიტალისაგან განსხვავებით, საზოგადოების ქონება არ არის ფიქსირებული თანხა, იგი საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად იცვლება და მერყეობს. საზოგადოების ქონება შეიძლება იყოს საწესდებო კაპიტალზე მეტი ან ნაკლები. საზოგადოების ქონება აღემატება საწესდებო კაპიტალს, თუკი საზოგადოების საქმიანობა რენტაბელურია და პირიქით, როცა საზოგადოების საქმიანობა წამგებიანია, ქონება შეიძლება საწესდებო კაპიტალზე ნაკლები იყოს.

    #29658
    BLH
    Keymaster

    უძრავ ნივთის შეტანა საწარმოს კაპიტალში

    (სუსგ. N-ას-333-318-2012)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, უძრავი ქონების სპს-ს საწესდებო კაპიტალში შეტანის ფაქტი დადგენილად მიიჩნია ინდივიდუალური აუდიტის მიერ საწესდებო კაპიტალში არაფულად შენატანად განსაზღვრული ქონების შეფასების აქტის, გასული წლების საზოგადოების ქონებრივი დეკლარაციებისა და საზოგადოების ყოფილი ბუღალტრის ჩვენების საფუძველზე.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 183-ე მუხლი კატეგორიულად ადგენს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა მეშვეობითაც უნდა დადასტურდეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა. ასეთი მტკიცებულებებია წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სამოქალაქო კანონმდებლობა უძრავი ქონების შეძენის სხვა წესს არ იცნობს. მეწარმის მიერ საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შესატანად და მასზე საკუთრების უფლების შესაძენად რაიმე განსხვავებულ წესს არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, შეუძლებელია, საკუთრების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე განხორციელდეს რაიმე სხვა წესით, გარდა სკ-ის 183-ე მუხლით დადგენილი წესისა.

    #28797
    BLH
    Keymaster

    წილის გამოყოფა შპს-დან (ას-75-408-09)

     

    შპს-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა მოითხოვა მისი წილის პროპორციულად შპს «ს-დან» უძრავ-მოძრავი ქონების გამოყოფა.

    საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დ. ხ-ძის მოთხოვნა, მისი წილის პროპორციულად შპს «ს-დან» უძრავ-მოძრავი ქონების გამოყოფის თაობაზე, უსაფუძვლოა.

    აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად დ. ხ-ძე «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-13 პუნქტს მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი სამართლებრივი ფორმით.

    საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევებს აწესრიგებს და დ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული არ არის. რაც შეეხება პარტნიორისათვის წილის შესაბამისად საწარმოს საკუთრებიდან უძრავი ქონების გამოყოფას, აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, კასატორის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

    #32146
    BLH
    Keymaster

    წილზე საკუთრების წარმოშობა

    საქმე № ას-974-1209-04

    პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო რეესტრი არის საჯარო (სახელმწიფო) ნუსხა იმ ფაქტებისა, რომელთაც ეკონომიკურ ურთიერთობებში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს, იგი არ წარმოადგენს პარტნიორისათვის საწარმოში წილზე საკუთრების წარმომშობ გარემოებას (მაგალითად, როგორც ეს უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის აუცილებელი პირობაა). „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა წილის მესაკუთრეთა საჯარო რეესტრში დაფიქსირება სავალდებულო გახადა მარტოოდენ იმ მოსაზრებით, რომ იგი უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო წინაპირობებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. შპს-ში წილის შეძენის სამართლებრივ წანამძღვრებს ადგენს მეწარმეთა კანონის 46-ე მუხლი.

    #32147
    BLH
    Keymaster

    პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენება

    საქმე № ას-448-690-08

    პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი არა.

    აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოების ქონებისა და პარტნიორთა შესატანის აღრევასთან.

    მოცემულ შემთხვევაში მხარე პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების საბუღალტრო წიგნები ვერ იქნა მოძიებული და საერთოდ უცნობია ხდებოდა თუ არა საბუღალტრო წარმოება საზოგადოებაში. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოებაში პარტნიორის მიერ შესატანის შეტანასთან და ამ შესატანის არასწორად აღრიცხვასთან საბუღალტრო წიგნებში.

    ზოგადი წესის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა შემოისაზღვრება კრედიტორების წინაშე საზოგადოების მთელი ქონებით და იგი არ შეიძლება გავრცელდეს პარტნიორის საკუთრებაში არსებული მთელ ქონებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორმა საზოგადოებაში შეიტანა ქონება, მაგრამ იგი არ აღირიცხა საზოგადოების ქონებად და დარჩა პარტნიორის საკუთრებაში, (თუნდაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით) ეს ჩაითვლება სადავო ნორმაში მითითებული შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად და ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში შეტანილი, მაგრამ საზოგადოების საკუთრებად არ აღრიცხული ქონებიდანაც.

    #32162
    BLH
    Keymaster

    სუსგ. ას-286-272-2013 ამ გადაწყვეტილებაში, მოსარჩელეს ჰქონდა მოთხოვნის უფლება შპს-ს მიერ და ითხოვდა შპს-ს ვალდებულებისთვის მისი 100% მესაკუთრის პასუხისმგებლობის დაყენებას, ანუ მისი პოზიცია იყო, რომ სახეზე იყო პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენება შპს-ს მფლობელის მიერ.

    სასამართლომ განმარტა ის წინაპირობები, რომლებიც უნდა არსებობდეს ე.წ კორპორატიული საფარველის ჩამოხსნისათვის და აღნიშნულ საქმეში პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი საფუძვლების არარსებობის მოტივით არ დააკმაყოფილა სარჩელი.

    #32158
    BLH
    Keymaster

    საწარმოს ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

    (საქმე №-ას-671-952-05)

    სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ფილიალები არ არიან იურიდიული პირები. სკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ“.

    განსახილველი ნორმის თანახმად, იურიდიული პირი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იურიდიული პირის ფილიალი — განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს“.

    აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ ფილიალი არის იურიდიული პირის ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარეობს და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს მის ფუნქციებს. კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლებამოსილების შესახებ უნდა იქნეს მითითებული ფილიალის საქმიანობისა და მისი ხელმძღვანელის უფლებამოსილების თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად. იმისათვის, რომ სასამართლოში მონაწილეობდეს ფილიალის ხელმძღვანელი, აუცილებელია ამ ფილიალის იურიდიული პირის უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო დავებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ძირითადი საწარმო.

    არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს „ს.ს.ე-ს“ ტყიბულის სამმართველოს (ფილიალის) დებულების მე-4 მუხლის 4.2 და 4.3 პუნქტების შესაბამისად, ლ. გ-ძეს გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სს „ს.ს.ე-ს“ სახელით მონაწილეობა მიეღო სასამართლოში.

    იურიდიული პირის ფილიალი საქმიანობას ეწევა იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე (სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში, საქმიანობაში იგულისხმება იურიდიული პირის მიერ ფილიალისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რაც უკავშირდება მისი სამეწარმეო მიზნების განხორციელებას. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც, რაც იურიდიული პირის და არა ფილიალის დეფინიციის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.

    მიუხედავად ამისა, სსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით.“ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, თუ ურთიერთობა ეხება იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობას, მაშინ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, სადაც მდებარეობს ეს ფილიალი, მაგრამ ძირითადი საწარმოს წინააღმდეგ.

    ამდენად, თუ ამ იურიდიული პირის ფილიალს არ ექნება უფლებამოსილება სასამართლოში მონაწილეობის შესახებ, მაშინ სასამართლოში მხარედ მონაწილეობის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იურიდიულ პირს.

    ამრიგად, ფილიალი არ არის იურიდიული პირი, იგი არც თავისი სახელით გამოდის ურთიერთობებში და არც დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ეკისრება.

    #32159
    BLH
    Keymaster

    სუბსიდიარი (შვილობილი) კომპანია

    საქმეას-995-1028-2011

    საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, სუბსიდიური კომპანიის ცნება, კერძოდ, სუბსიდიარი (შვილობილი) კომპანიაა, რომელშიც კომპანიას გააჩნია ხმის უფლებისათვის საჭირო წილის ნახევარზე მეტი, ან სხვაგვარად გააჩნია ძალაუფლება, განახორციელოს ამ შვილობილი კომპანიების ოპერაციების კონტროლი.

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 56 total)
  • You must be logged in to reply to this topic.