მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება
საქმე № 3კ-509-03
რაც შეეხება გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების თანხების 33064,89 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების შესახებ, დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელისა და შპს „ვ–ის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოცემულ საქმეზე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების და ამ მიზნით ზემოთ მითითებული საზოგადოებისათვის 38000 ლარის ჩარიცხვის შესახებ, ამასთან სსკ–ს 47-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია.
ასეთ შემთხვევაში ადვოკატი სახელმწიფო სალაროდან მიიღებს ანაზღაურებას არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. ეს წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სახელმწიფო ხარჯზე მომსახურებას, ისიც მაშინ, თუ განსახილველი საქმე რთული და მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას.
ამ საკითხის გადაწყვეტისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს წაგებული მხარისათვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში. სსკ–ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმრებისათვის გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის დახმარებისათვის მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს 5000 ლარით.
