მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ავარიის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
კარგი კაზუსია, ეხება სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. მოდი პუნქტობრივად განვიხილოთ:
1. დავიწყოთ E-ს მოთხოვნიდან, მას მიადგა ზიანი ავარიის შედეგად. (ავტომობილის დაჯახების შედეგად)..
რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს და ვისგან?
E-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს N-ისგან სამოქალაქო კოდექსის 999.1-ე მუხლის ან 992-ე მუხლის მიხედვით.
ა. განვიხილოთ 999-ე მუხლით მოთხოვნის უფლების შესაძლებლობა
სკ-ის 999.1-ე მუხლის მიხედვით: “მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.”
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობას ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას- 254-239-2010, რომლის მიხედვითაც, სსკ-ის 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. (მაგ: მესაკუთრე, დამქირავეელი, მოიჯარე).
სკ-ის 999.1-ე მუხლში გამოყენებულია ტერმინი “მფლობელი” და არა ტერმინი “მესაკუთრე”, შესაბამისად კანონმდებელი 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ პირში არ გულისხმობს მხოლოდ მესაკუთრეს. მეორეს მხრივ რა არის ამ მუხლის მიზანი? განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.ავტომობილის ექსპლუატაციისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ის პირი, რომლის ფაქტობრივ ბატონობაშიც იმყოფება ავტოტრანსპორტი, რადგან მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ავტომობილის გამოყენება და იგი აგებს პასუხს ავტომობილიდან წარმოშობილი საფრთხისათვის, როგორც ავტომობილის “მებატონე”, ანუ მასზე პასუხისმგებელი პირი. ანალოგიური პოზიციაა გაზიარებული აღნიშნული მუხლის კომენტარებშიც.
ამდენად 999-ე მუხლის მიხედვით N ითვლება A-ს კუთვნილი ავტომობილის მფლობელად, რადგან მას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მისგან მიღებული მფლობელობაში აღნიშნული ავტომობილი და სწორედ იგია ვალდებულია აანაზღაუროს ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანი სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ბ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მოთხოვნის შესაძლებლობა..
999-ე მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განსხვავებით, 992-ე მუხლის შემთხვევაში უნდა გვქონდეს ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (999-ე მუხლის დროს გვაქვს მხოლოდ მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე ზიანი, არც მართლწინააღმდეგობა და არც ბრალი არ არის სახეზე).
ამდენად თუ დამტკიცდება, რომ N-ის მიერ E-ს მანქანის დაზიანებისას (მოცურებისას) N-ის მხრიდან მოხდა ტარების წესების დარღვევა და ზიანი გამოწვეულია არა მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე საფრთხიდან, არამედ N-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან, მაშინ 999-ე მუხლის ვერ გამოვიყენებთ და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად.
2. დაუძლეველი ძალა, როგორც N-ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე N-ი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დამტკიცდება, რომ ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის ფარგლებში… ამასთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესის სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: ას-494-463-2010 №: ას-64-61-2012 ; №: ას-95-90-2013 ; №: ას-1657-1554-2012), რომელთა მიხედვითაც:
“სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.”
