მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
კანონისა და სამართლის ანალოგია
შეიძლება არსებობდეს ისეთი ურთიერთობები, რომელთა მომწესრიგებელი ნორმები კანონში არ არის პირდაპირ მითითებული. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმების გამოყენება. (კანონის ანალოგია).
მაგ: იჯარიდან გამომდინარე ზოგიერთ ურთიერთობაზე გამოიყენება ქირავნობის ნორმები, გაცვლასთან დაკავშირებით ურთიერთობებზე – ნასყიდობის ნორმები და ა.შ.
ანალოგია ვერ გავრცელდება სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებზე (საგამონაკლისო ნორმები).
მაგ: „საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.“ (სკ-ის 561.1-ე მუხლი).
მოცემული ნორმა არის საგამონაკლისო- ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის დროს და ვერ იქნება გამოყენებული მაგალითად ფარეხის, კომერციული ფართის გაქირავების დროს.
თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).
