#29810
BLH
Keymaster

ჩუქების გაუქმება უმადურობის საფუძვლით

 

(სუსგ. N-ას-62-59-2012)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 529-ე მუხლი.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება, დაედოს საფუძვლად, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. მით უფრო, რომ, სკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

 

ხსენებული მუხლი ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას ითვალისწინებს. დადგენილი გარემოებების ნაწილი, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ უმადურობის ფაქტის დამადასტურებლად მიიჩნია, 2002 და 2006 წელს განხორციელდა, კერძოდ, თავად მოსარჩელე უთითებს, რომ დასაჩუქრებული გამჩუქებელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა 2002 წელს, ხოლო ისრაელში დააკავეს და დეპორტაცია შეეხო 2006 წელს. თავად ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, გამჩუქებლისთვის იმთავითვე იყო ცნობილი დასაჩუქრებული ქმედების თაობაზე, შესაბამისად, სკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია. რაც შეეხება ბინიდან გამოსახლების მოთხოვნას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩუქების გაუქმების საფუძველი მხოლოდ დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობა ან გამჩუქებლის მძიმე შეურაცხყოფა შეიძლება გახდეს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რატომ შეიძლება ჩაითვალოს უმადურობად ან შეურაცხყოფად, მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ბინის განკარგვის სურვილი და, ამ მიზნით, ნივთის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა.