#29703

მიწაზე განლაგებულ შენობაზე საკუთრების უფლების შეძენა

 

(სუსგ. N-859-853(კ-11) 09.11.11)

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (#3/ბ-20-2011 02.03.11) ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე #3/222-2010 16.11.10) შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ შეუძენია კანონით დადგენილი წესით. ამასთან, იგი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მას საკუთრებაში გადაეცა მაღაზია მაშინ, როდესაც სკ-ის 150.1 მუხლის შესაბამისად, შენობა (როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) შესაძლოა იყოს ცალკე უფლების ობიექტი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საკასაციო პალატის განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მაღაზიის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მას, როგორც ნაკვეთზე განლაგებული ობიექტის მესაკუთრეს, მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, რამდენადაც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის ნაწილზე აქცესორულ უფლებას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი და აკმაყოფილებდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელებისას მოსარჩელე `ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ~ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.