#29476
BLH
Keymaster

ნების გამოვლენის განმარტება (სკ-ის 52-ე მუხლი)

 

(სუსგ. N-ას-377-357-2011)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას განმარტა, ვინაიდან მხარემ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს დედის სასარგებლოდ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულ ნების გამოვლენას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად ვერ ჩაითვლება, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მითითებულ დოკუმენტს სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. სკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

სანოტარო აქტიდან ნათლად ირკვევა, რომ მხარეს სურდა სამკვიდროდან თავისი კუთვნილი წილი გადასულიყო დედის საკუთრებაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული სანოტარო აქტი ჩუქების ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) სანოტარო აქტი შეიცავს პირის ნებას ქონების სხვა პირის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასვლასთან დაკავშირებით; ბ) ქონების გამსხვისებელი არის ამ ქონების მესაკუთრე; გ) მხარე ნების ნაკლის არსებობას ვერ ადასტურებს; დ) უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული წერილობითი ფორმა დაცულია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.