#29471
BLH
Keymaster

მოჩვენებითი გარიგება

 

(საქმე N-ას-1049-983-2010)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისად, გარიგება მოჩვენებითია, რაც დასტურდება ერთი იმით, რომ დასაჩუქრებულის სასარგებლოდ ისედაც არსებობდა ანდერძი და მეორე გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გაჩუქებული ქონების ფლობა.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოჩვენებითი გარიგებაა, როდესაც მხარის მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება. ნების ნაკლს მრავალი გარემოება შეიძლება, ადასტურებდეს, მაგრამ არა ის ფაქტი, რომ მოანდერძემ მიზანშეწონილად მიიჩნია ქონების სიცოცხლეშივე განკარგვა და თავისი მემკვიდრისათვის ჩუქება.

სკ-ის 170-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია არა მხოლოდ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არამედ თავისუფლად განკარგოს კიდეც იგი, თუ უფლების ბოროტად გამოყენება არ ხდება. არც ის გარემოება, რომ გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გასხვისებული ქონების ფლობა, ყოველთვის გარიგების მოჩვენებითობაზე არ მეტყველებს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დასაჩუქრებული გამჩუქებელთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში გადასულ ბინაში, ამასთან, მჩუქებელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა პირის მზრუნველობას საჭიროებდა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.