მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სანივთო სამართალი › Reply To: სანივთო სამართალი
უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი- დავის არსებობის ცოდნა
(საქმე N-ას-888-836-2010)
დავა ეხება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ორივე მხარის ახლობლის შუამავლობით, დაადგინა, მყიდველისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გამყიდველის საკუთრებაზე არსებული დავის შესახებ. ასეთ ვითარებაში, კი, რეესტრის ჩანაწერი ვერ გახდება მყიდველის კეთილსინდისიერების გარანტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: დავის განმავლობაში ნივთის გასხვისებისას მყიდველს შეიძლება, არ ჰქონდეს ინფორმაცია შეძენილ ქონებასთან დაკავშირებული დავის არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და მისი უფლება დაცულია კანონით (სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები).
თუ შემძენი ინფორმირებულია შესაძენ ნივთთთან დაკავშირებული დავის თაობაზე, იგი ხდება იმ რისკის მატარებელი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება, დადგეს ამ ნივთის მიმართ. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ შემძენმა დავის განმავლობაში შეიძინა ნივთი და ამის თაობაზე იგი ინფორმირებული იყო, შეუძლებელია იგი მივიჩნიოთ არაკეთილსინდისიერად და მას ჩამოვართვათ ნივთი.
შემძენი არ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერად და მასთან დადებული გარიგება გაბათილდეს, თუ რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის ყველა დოკუმენტი ამ ნივთთან დაკავშირებით სამართლებრივად მოწესრიგებულია და სასამართლო დავის წაგების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
დავის დროს ქონების გასხვისებისას არაკეთილსინდისიერებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შემძენისათვის ცნობილია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს საკუთრების უფლება არამართლზომიერად აქვს მოპოვებული და ნივთი სხვისდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგის თავიდან აცილების მიზნით. თუ შემძენი დარწმუნებულია რეესტრის მონაცემების უტყუარობაში და მისთვის უცნობია რეგისტრაციის არამართლზომიერების თაობაზე, იგი კეთილსინდისიერია და მას ნივთი არ ჩამოერთმევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
