მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები › Reply To: ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები
აქტივები, რომლებსაც ამორტიზაცია არ ერიცხება:
1. მიწა,
2. ხელოვნების ნიმუშები,
3. სამუზეუმო ექსპონატები,
4. ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტები (გარდა შენობა-ნაგებობებისა)
5. სხვა არაამორტიზებად აქტივები.
ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს.
1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა. 1000 ლარამდე ძირითად საშუალებებთან მიმართებაში გაითვალისწინება არა მათი ჯამური, არამედ ერთეულის ღირებულება. ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.
მაგ: კომპანიამ იყიდა ორი კომპიუტერი, თითოეულის ღირებულება იყო 900 ლარი. მოცემული კომპიუტერების ღირებულების გამოქვითვა მოხდება მთლიანად, იმ საანგარიშო წელს, როდესაც მოხდება მათი ექსპლუატაციის დაწყება, იმის მიუხედავად, რომ ორივეს ჯამური ფასი 1800 ლარია.
თუ მოხდებოდა 1100 ლარიანი კომპიუტერის ყიდვა, მისი გამოქვითვა ვერ მოხდებოდა იმავე წელს მთლიანად.
არაამორტიზებად აქტივებს ამორტიზაცია არ ერიცხება და მისი შეძენის ან შექმნის ხარჯები საგადასახადო მიზნებისათვის მათი გამოყენების პერიოდში ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
არაამორტიზებადი აქტივების მიწოდების (გასხვისების) შემთხვევაში მოგება და ზარალი (ნამეტი შემოსავალი) განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლით დადგენილი წესით.
მაგ: “X” კომპანიამ 2015 წლის 10 მარტს იყიდა მიწა კახეთში 60.000 ლარად. აღნიშნული ღირებულება არ გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლებიდან 2015 წელს.
2016 წელს კომპანიამ გაყიდა აღნიშნული მიწა 75.000 ლარად. ნამეტი-15.000 ლარი აისახება ერთობლივ შემოსავალში.
თუ 2016 წელს კომპანია გაყიდდა მიწას არა 75.000 ლარად, არამედ 55.000 ლარად, მაშინ 5.000 ლარის ასახვა მოხდებოდა ხარჯებში და ისინი გამოიქვითებოდა ერთობლივი შემოსავლიდან.
არაამორტიზირებადი აქტივების საექსპლოატაციო ხარჯები გამოიქვითება ზოგადი წესის მიხედვით. მაგ: მიწის გაფხვიერების ხარჯები, ტრაქტორის ექსპლოატაციის ხარჯები და ა.შ.
