#29215

ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება

 

 

ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

 

ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

მაგ: ბენზინის ხარჯები არ გამოიქვითება, თუ ბენზინი გამოყენებულ იქნება არა ეკონომიკური საქმიანობისათვის, არამედ პირის პირადი მიზნების მისაღწევად.

 

ბ) გართობაზე გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას და ხარჯები გაწეულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში;

 

მაგ: პირმა გახსნა კლუბი, მას შეუძლია დაქირავებული მოცეკვავეების მომსახურების საფასური გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.

 

მაგ: პირს გააჩნია სამშენებლო ბიზნესი, ერთ_ერთ საღამოს იგი გადაწყვეტს თანამშრომლემთან ერთად სამუშაო დროის შემდგომ დაისვენოს კლუბში, რისთვისაც დაიქირავებს კლუბს და მოცეკვავეებს, აღნიშნული ხარჯები არ გამოიქვითება.

 

გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;

 

დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

მაგ: საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია საქართველოს რეზიდენტის მიერ უცხოური წყაროდან მიღებული შემოსავალი, ამავდროულად ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იგი ვერ გამოქვითავს.

 

ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები საერთო წესით იბეგრება;

 

თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;

 

მაგ: რესტორანმა შეუკვეთა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ თონეს 100 პურის მიწოდება ყოველდღიურად. რესტორანი ვერ გამოქვითავს პურის ღირებულებას ერთობლივი შემოსავლებიდან, რადგან იგი შეძენილ იქნა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისგან.

 

ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები.