მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანი
(სუსგ. № ას-172-504-05)
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილია რ. ჯ–ის მიერ მ. ქ – სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.
სკ–ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც. ამ ნორმის თანახმად ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და, ამდენად, ანგარიშგასაწევი.
საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს და ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზამ დაადგინა და დასკვნაში აღნიშნულია დიაგნოზი, რომლის ერთ–ერთ პუნქტში მითითებულია ნეიროცირკულარული დისტონია.
სასამართლომ არ შეაფასა და არ დაადგინა, განიცადა თუ არა მ. ქ–მ ფსიქიკური ტრავმა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ექსპერტიზის დასვნის გათვალისწინებით დასტურდება ფსიქიკური ტრავმის მიყენების ფაქტი, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მ. ქ–ს სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები სკ–ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე.
