#29126

ფაქტობრივად იგივე პრინციპით საზღვრავს მორალური ზიანის ოდენობას უზენაესი სასამართლო საქმეზე ას-353-329-2010 

 

„რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გონივრულ ოდენობად მას განსაზღვრავს 200 ლარით.“

 

აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი და ეს არც უნდა იყოს გასარკვირი, რადგან მორალური ზიანი თავისი ბუნებით არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება შევხვდეთ. სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, მიანდო სასამართლოს ისეთი საკითხები განსასაზღვრად, როგორიცაა მორალური ზიანის ცნება და მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლომ ყველა კონკრეტული შემთხვევის მიმართ უნდა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ფაქტების შეჯერების და ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების შეპირისპირების გზით.