#28919
BLH
Keymaster

ნასყიდობასა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას შორის განსხვავება

 

სუსგ. № 3-992-02

 

სკის 941- მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 477- მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან, პირველ რიგში, განსხვავდება სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მყიდველი და გამყიდველი, ხოლო სამისდღეშიო ხელშეკრულების მხარეებიმარჩენალი და სარჩენი. მეორე რიგში, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ნივთზე წარმოეშობა საკუთრების უფლება და შეუძლია, ნაყიდი ნივთი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით კი სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. მესამე რიგში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთერთი თავისებურება მდგომარეობს, აგრეთვე, იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით.

 

სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსენება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ).”